ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ინდივიდუალურად გამართა მოლაპარაკებები პაკისტანის არმიის სარდალთან, ასიმ მუნირთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მოჰამედ იშაკ დართან. მხარეებმა თეირანსა და ვაშინგტონს შორის ზავის შენარჩუნების მცდელობები განიხილეს.
როგორც CNN წერს, ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არაღჩიმ ფელდმარშალ მუნირთან და იშაკ დართან "რეგიონული განვითარება და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები" განიხილა.
პაკისტანის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, არაღჩიმ და დარმა "აზრები გაცვალეს რეგიონულ მოვლენებზე, ზავსა და იმ მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევაზე, რომელსაც ისლამაბადი ახორციელებს".
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ხაზი გაუსვა უწყვეტი დიალოგისა და ჩართულობის მნიშვნელობას გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად, რათა რაც შეიძლება მალე იქნას მიღწეული რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა", - აღნიშნა სპიკერმა.
მისივე თქმით, არაღჩიმ დადებითად შეაფასა პაკისტანის თანმიმდევრულ და კონსტრუქციულ შუამავლის როლი ამ პროცესში და ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ მჭიდრო კომუნიკაცია ექნებათ.
პაკისტანის სამხედრო უწყებას არაღჩისა და ფელდმარშალ მუნირის საუბრის შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია.
მუნირი აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში პაკისტანის მხრიდან მთავარ მედიატორად ითვლება.
