Politico-ს ცნობით, გასულ წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ფრანგ მოსამართლეს სთხოვა ჩარეულიყო ულტრამემარჯვენე ლიდერის, მარინ ლე პენისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის საქმეში.

გამოცემის ცნობით, ამ შეხვედრის აქამდე უცნობი დეტალების გასაჯაროება კვლავ ყურადღების ცენტრში აქცევს აშშ-ის მცდელობებს, მხარი დაუჭიროს ევროპელ ულტრამემარჯვენეებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლე პენისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა გააკრიტიკა და ამას "თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად სამართლებრივი ომის" გამოყენების მაგალითი უწოდა.

ფრანგმა მოსამართლემ, მაგალი ლაფურკადმა, POLITICO-ს განუცხადა, რომ მაისში ის კოლეგასთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს სამუელ სამსონს შეხვდა, რომელიც გასულ წელს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა თანხების ლე პენის მხარდასაჭერად გამოყენების შეთავაზებისთვის.

ლაფურკადის განცხადებით, ის იმდენად შეშფოთებული იყო აშშ-ის მიდგომით, რომ ამის შესახებ პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა. როგორც Politico წერს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა პარიზში, აშშ-ის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული და ის ლე პენისთვის არჩევნებში მონაწილეობის 5 წლიანი აკრძალვის განაჩენის გამოტანიდან 2 თვის შემდეგ შედგა.

ცნობისთვის, ლე პენის მიერ აკრძალვის სააპელაციო საჩივარი განხილვის ეტაპზეა და ვერდიქტი მიმდინარე წელს არის მოსალოდნელი.