ზელენსკი იმ ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომლებიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებენ. უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა "სრულიად სახიფათო ხდება".

"გვსურს, გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, თითოეული მზღვეველი და ყველა, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს რუსეთის საკვანძო აეროპორტებით - რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება. უკრაინა საფრთხეს არ უქმნის სამოქალაქო ავიაციას, როგორც ასეთს - არცერთ სამოქალაქო თვითმფრინავს. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იფრენენ და ეს მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, რუსული ცა დე ფაქტო დაიხურება: რუსეთის მიერ წამოწყებული ომი მისსავე ცას კეტავს... უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები საერთაშორისო სტრუქტურებს სრულ ინფორმაციას მიაწვდიან რუსულ საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ. სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.