ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ებრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დაგეგმილი მისია, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების უსაფრთხო გაცილებას ისახავს მიზნად, თეირანის მიერ "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად" იქნება აღქმული. ინფორმაციას abcnews-ი ირანულ გამოცემა Fars News-ზე დაყრდნობით წერს.

"ჰორმუზის სრუტისა და სპარსეთის ყურის მართვა, ტრამპის ბოდვითი განცხადებების საფუძველზე არ განხორციელდება", - განაცხადა აზიზიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა, ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივით, დღეიდან ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენას - პროექტ "თავისუფლებას" იწყებს.

ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "მისია, რომელიც პრეზიდენტის მითითებით ხორციელდება, ხელს შეუწყობს სავაჭრო გემებს თავისუფლად გაიარონ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სავაჭრო დერეფანი."