ირანზე აშშ-ის დარტყმის საფრთხის გამო, იერუსალიმში აშშ-ის საელჩომ თავის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მათ შეეძლოთ ისრაელის დატოვება და გააფრთხილა, რომ თუ მათ ეს სურთ, დაუყოვნებლივ უნდა გაეკეთებინათ, - ნათქვამია ელჩ მაიკ ჰაკაბის მიერ პარასკევს, აშშ-ის მისიისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

ბატონმა ჰაკაბიმ საელჩოს თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით აცნობა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა მთელი ღამის განმავლობაში გამართული შეხვედრებისა და სატელეფონო ზარების შემდეგ და ეს იყო "განსაკუთრებული სიფრთხილის“ და სახელმწიფო დეპარტამენტთან საუბრების შედეგი, სადაც ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოება პრიორიტეტულია.

"გამგზავრების მსურველებმა ეს დღესვე უნდა გააკეთონ“, - წერს ჰაკაბი ადგილობრივი დროით დილის 10:24 საათზე გაგზავნილ ელექტრონულ წერილში. მან საელჩოს თანამშრომლებს მოუწოდა, ბენ გურიონის აეროპორტიდან ნებისმიერ მიმართულების რეისი მოეძებნათ, რომლის დაჯავშნაც შეძლებდნენ.

"საელჩოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს ავიაბილეთებზე მაღალ მოთხოვნას გამოიწვევს. კონცენტრირება მოახდინეთ ისეთი ადგილის პოვნაზე, საიდანაც ვაშინგტონში გამგზავრებას შეძლებთ. მაგრამ, უპირველესი პრიორიტეტი, ქვეყნიდან რაც შეიძლება სწრაფად გასვლა იქნება", - ნათქვამია ელ.წერილში, რომლის ასლს The New York Times-ი გაეცნო.