ახალი კვლევის თანახმად, დღევანდელ ბავშვებს, წელიწადში გაცილებით მეტი დღის განმავლობაში უწევთ სიცხისგან გამოწვეულ სტრესთან გამკლავება, ვიდრე წინა თაობებს და მოსალოდნელია, რომ ეს ტვირთი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ახალგაზრდა თაობებს ჯანმრთელობის მხრივ არაპროპორციულად დიდი რისკების წინაშე უწევთ ყოფნა. ეს რისკები მოიცავს როგორც სიცხის პირდაპირ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ორგანიზმზე, ისე ირიბ საფრთხეებს, როგორიცაა საკვებისა და წყლის დეფიციტი.
კვლევის თანახმად, 0-დან 9 წლამდე ასაკის 560 მილიონამდე ბავშვი, ყოველწლიურად, სულ მცირე ერთი თვით მეტი ხნის განმავლობაში განიცდის სითბურ სტრესს, რაც ადამიანების საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია.
„კლიმატის ცვლილება, მთელ მსოფლიოში, უკვე ასობით მილიონ ბავშვს აყენებს მაღალი სიცხის საშიშროების წინაშე, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. ამასთანავე, სიღარიბე, არასათანადო საცხოვრებელი პირობები, გაგრილების საშუალებებზე შეზღუდული წვდომა და გადატვირთული ჯანდაცვის სისტემები, ბევრ ბავშვს სიცხისგან თავის დასაცავად ძალიან მცირე შესაძლებლობას უტოვებს“, - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, როზა პიეტროიუსტიმ.
