კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა დღეს განცხადება გააკეთა, რომელშიც დეტალურად აღწერა კვირა საღამოს, ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე "შაჰედის" ტიპის დრონით ირანული თავდასხმა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ხმელთაშუა ზღვის კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე "აკროტირის" საჰაერო ბაზაზე თავდასხმამ "მცირე მატერიალური ზიანი“ გამოიწვია - განაცხადა ქრისტოდულიდესმა.
"თავიდანვე, რესპუბლიკის ყველა შესაბამისი სამსახური მაღალ მზადყოფნაში იყო და სრულად ოპერატიულად მუშაობდა. ამავდროულად, მე დაუყოვნებლივ მოვიწვიე ეროვნული უშიშროების საბჭო სიტუაციის შესაფასებლად, რომელიც მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში რჩება", - თქვა პრეზიდენტმა.
"მინდა ნათლად განვაცხადო: ჩვენი ქვეყანა არანაირად არ არის ჩართული და არც აპირებს მონაწილეობას რაიმე სამხედრო ოპერაციაში", - დასძინა მან.
ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს კვიპროსში მუდმივი სუვერენული ბაზები აქვს, მათ შორის არის "აკროტირის" სამეფო საჰაერო ძალების ბაზა. ეს ბაზა, ტრადიციულად, ახლო აღმოსავლეთში ბრიტანული ოპერაციების ცენტრს წარმოადგენდა.
