ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ რადიკალური ზომების მიუხედავად აშშ ვერ მიაღწევს საკუთარ მიზანს.

აბას არაღჩი ხაზგასმით ამბობს იმასაც, რომ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს.

"ირანი ყოველთვის ღია იყო დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის. ვფიქრობ, ამ მხრივ ძალიან კარგი ისტორია გვაქვს ამერიკელებისგან განსხვავებით. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ამერიკელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და მათ გადაწყვიტეს ამ პროცესში დაგვსხმოდნენ თავს.

ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს. მათ ვერ შეძლეს და ვერც მომდევნო დღეებში შეძლებენ თავიანთი მიზნების მიღწევას. თუ მათი მიზანი ლიდერის შეცვლაა, ეს შეუძლებელია. ლიდერის გარდაცვალება არ ნიშნავს რეჟიმის შეცვლას ან ირანის პოლიტიკური რეჟიმის რღვევას.

ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ასრულებს თავის სამუშაოს. შედეგს ნახავთ ხვალ ან ზეგ, როდესაც ექსპერტთა ასამბლეა ახალ ლიდერს აირჩევს. ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, სინამდვილეში თავდაცვაა და პასუხია ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებულ ამერიკულ აგრესიაზე. ჩვენ არ ვესხმით თავს მეზობლებს, ჩვენ ვუტევთ ამერიკულ სამიზნეებს", - განაცხადა აბას არაღჩიმ.