დაღესტანში, ქალაქ მაჰაჩყალაში, წყალდიდობის შედეგად, სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ჩამონგრევის საფრთხის გამო, კიდევ ოთხი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც მედია იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მედიის ცნობით, ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, შენობის საძირკველი დაზიანდა, რის შემდეგაც შენობა ჩამოინგრა.
"ზოგიერთ მაცხოვრებელს, დროებით განთავსების ცენტრებში გადაიყვანენ, სადაც მათ დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდებათ, დანარჩენები კი, დროებით, ნათესავებთან განთავსდებიან", - ნათქვამია განცხადებაში.
მაჰაჩყალას ადმინისტრაციის პრესსამსახურმა "ინტერფაქსს" დაუზუსტა, რომ აივაზოვსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიშენება ჩამოინგრა.
"ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, მაჰაჩყალაში, აივაზოვსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიშენება ჩამოინგრა. არავინ დაშავებულა. აივაზოვსკის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს, რომლებიც ასევე წყალდიდობის ზონაში იმყოფებიან", - განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს წყარომ.
