ევროპული ინდუსტრიები ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას ითხოვდნენ, თუმცა რეალობამ მოლოდინი ვერ გაამართლა, - წერს POLITICO.

ევროკავშირმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით რეგულაციების "გამარტივების" მასშტაბური კამპანია წამოიწყო, თუმცა 20-თვიანი მუშაობის შემდეგ, ბევრი კომპანია უკმაყოფილოა.

POLITICO-მ 17 სხვადასხვა სექტორის კომპანია, საკონსულტაციო და ინდუსტრიული ასოციაცია გამოკითხა, რომელთა თქმით, ევროკავშირის ეს მცდელობა ზედმეტად ნელი, ძვირადღირებული და რთულია.

კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირი ისეა "დაპროგრამებული", რომ მხოლოდ ახალი კანონების შექმნა შეუძლია და ნაკლებად ეფექტურია უკვე არსებული იმ ბარიერების მოშორებაში, რომლებიც ინდუსტრიულ კონკურენტუნარიანობას აფერხებს.

ეს იმედგაცრუება მკვეთრად განსხვავდება 2024 წლის ნოემბრის განწყობისგან, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის წინაშე ბიზნესისთვის "ახალი ეპოქის" დაწყება გამოაცხადა.

როგორც მედია წერს მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის თებერვლიდან ევროკომისიამ თავდაცვის, ენერგეტიკის, ქიმიური მრეწველობისა და ტექნოლოგიების სფეროებში რეგულაციების შესამსუბუქებლად არაერთი წინადადება წარადგინა, ბიზნესს ჯერ არ უგრძვნია რეალური შედეგი.

კომპანიების თქმით, ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებების ევროპულ ეკონომიკამდე მიღწევას თვეები, ზოგჯერ კი წლები სჭირდება, რაც მათ კონკურენტუნარიანობას აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით აქვეითებს.

ბიზნესსექტორისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირი რეგულაციების შესამცირებლად ისევ ახალი რეგულაციების წერას მიმართავს. მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად კომისიის კეთილი ნებისა, პროცესის მართვის მეთოდები არაეფექტურია.

ამას ემატება ისიც, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები ცდილობენ ბალანსი იპოვონ ინდუსტრიის მოთხოვნებსა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების გაფრთხილებებს შორის, რომლებიც შიშობენ, რომ რეგულაციების გამარტივება მოქალაქეების ჯანმრთელობასა და გარემოს დააზიანებს.

ევროკომისია აცხადებს, რომ წარადგინა 12 საკანონმდებლო პაკეტი, რომლებიც მიზნად ისახავს ზედმეტი მოთხოვნების გაუქმებას გამონაბოლქვის, მონაცემთა დაცვისა და მიწოდების ჯაჭვების კუთხით, რაც ბიზნესს მილიარდობით ევროს დაუზოგავს. თუმცა, კომპანიები მოითხოვენ უფრო სწრაფ და გადამწყვეტ ნაბიჯებს. ექსპერტები კი მიუთითებენ, რომ ევროკავშირის მრავალფენიანი და ბიუროკრატიული სტრუქტურა ამ პროცესისთვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია, რადგან სხვადასხვა დეპარტამენტებისა და წევრი სახელმწიფოების ინტერესების შეთანხმება მეტად კომპლექსურია.

კომისიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მათი წინადადებები სხვადასხვა სამსახურის ინტენსიური მუშაობის შედეგია და მიზნად ისახავს დუბლირებული თუ ზედმეტი რეგულაციების სრულად აღმოფხვრას. მიუხედავად ამისა, ბიზნესსექტორში სკეპტიციზმი მაღალი რჩება - მათ სურთ არა მხოლოდ დაპირებები, არამედ რეალური შედეგები, რაც ევროპულ ინდუსტრიას გლობალურ ბაზარზე სუნთქვის საშუალებას მისცემს.