რუსეთი ენერგეტიკული ზავის სანაცვლოდ აშშ-ისგან სანქციების მოხსნას ითხოვს, - წერს Politico. 

ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რუსეთი უკრაინასთან ენერგეტიკულ დარტყმებზე უარის თქმის სანაცვლოდ, პირობად სანქციების მოხსნას აყენებს და ამ ინიციატივის შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებას ცდილობს.

საჯაროდ მოსკოვი სექტორულ ზავზე მოლაპარაკებებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ კიევი არა გრძელვადიან შეთანხმებას, არამედ ენერგეტიკულ სექტორში - ცეცხლის შეწყვეტას ცდილობს.
თუმცა, კულუარულ საუბრებში, ამერიკული და უკრაინული მხარის ცნობით, რუსული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ეს ინიციატივა, თუკი ის სხვა მოთხოვნებს, კერძოდ კი სანქციების მოხსნას დაუკავშირდება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ომის დარეგულირების პროცესში პროგრესი აჩვენოს.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა - სტივ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა - რუსეთში ვიზიტის შემდეგ აღნიშნეს, რომ ენერგეტიკული ზავი შესაძლებელია. სექტემბერში აშშ-ში ვიზიტისას რუსეთის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ვიტკოფთან და კუშნერთან შეხვედრებზე განაცხადა, რომ რუსეთი შეთანხმების ფარგლებში სანქციების მოხსნასაც ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელი სანქციების მოხსნას ითხოვს მოსკოვი, თუმცა ევროპელი დიპლომატის თქმით, შესაძლოა საუბარი იყოს გაყინული აქტივების განბლოკვაზეც.