საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სასამართლო ანგარიშის თანახმად, რომელიც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ძალადობას ეხება, სექტემბრის შუა რიცხვებში დაწყებული სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში 6 800-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, რომელთა 86% არასრულწლოვანია.

ანგარიშის თანახმად, პოლიციის მიერ დაკავებული მოქალაქეებიდან 21 ადამიანს პატიმრობა აქვს შეფარდებული, ხოლო 2 376 ადამიანს ბრალი აქვს წაყენებული. მათგან 65% მოსამართლის წინაშე უკვე წარდგა.

სამინისტროს ცნობით, 21 პირიდან, რომლებსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - 15 ზრდასრული და 6 არასრულწლოვანია.

როგორც ფრანგული მედია წერს, საფრანგეთში მიმდინარე აქციებს გაერო გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის მიმდინარე აქციებს შეშფოთებულები აკვირდებიან.

"შეშფოთებით ვაკვირდებით საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებთან და სკოლების ბლოკადასთან დაკავშირებულ ინციდენტებს, რომელთაგან ზოგიერთი ძალადობრივ სახეს იღებს", - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის პრესსპიკერმა შაბია მანტუმ და მოუწოდა ყველა მხარეს, უზრუნველყონ პროტესტის მშვიდობიანი ხასიათი.