ევროპა შიშობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შავი ზღვის ახალი ბლოკადის საფრთხეს ქმნის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს პარალიზებით ემუქრება, რასაც შესაძლოა ფართომასშტაბიანი, დამანგრეველი კრიზისი მოჰყვეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვითარების გამო შეშფოთება განსაკუთრებით მწვავედ ირლანდიაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დადგა. შეხვედრაზე მინისტრებმა რეგიონში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
"შავ ზღვაში, მარცვლეულის გადამზიდ გემებზე რუსეთის თავდასხმებმა შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი, გლობალური, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი," - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
ბელგიის ელჩმა მაქსიმ პრევომ "კოორდინირებული გადაწყვეტის" ინიციატივა დააყენა, რათა თავიდან იყოს აცილებული ის, რასაც მან სამმაგი კატასტროფა უწოდა: უკრაინის მთავრობის შემოსავლების კოლაფსი, აფრიკაში გლობალური სასურსათო კრიზისი და ევროპაში მასშტაბური მიგრაციული ნაკადების ზრდა.
"ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ გვერდიდან ვუყუროთ შავ ზღვაში მარცვლეულისა და ენერგომომარაგების მიწოდების ბლოკირებას" - თქვა მან.
ივლისიდან, მოსკოვმა გააძლიერა თავდასხმები შავ ზღვაში უკრაინის პორტებსა და გემებზე, რაც სერიოზულად აფერხებს მარცვლეულის გაყიდვას საერთაშორისო მომხმარებლებისთვის, როგორიცაა ეგვიპტე, ალჟირი, ტუნისი, იემენი, ინდონეზია და სხვა.
იერიშებს კიევმაც ანალოგიურად უპასუხა და რუსეთის გემებსა და საზღვაო კვანძებს დრონებითა და რაკეტებით დაარტყა.
