ევროკავშირის წევრი სლოვენიის მმართველი კოალიცია საარჩევნო და სარეფერენდუმო კანონმდებლობას ცვლის - ახალი ინიციატივით, ქვეყანაში უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიებში მონაწილეობა აეკრძალებათ.
მმართველმა გუნდმა და პარტია "რესნიცამ"კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით უკვე წარადგინეს.
როგორც სლოვენიის დემოკრატიული პარტიის (SDS) დეპუტატმა, ზვონკო ჩერნაჩმა განაცხადა, ახალი რეგულაციებით კამპანიის ოფიციალურ ორგანიზატორებად დარეგისტრირება ე.წ. მესამე პირებსაც მოუწევთ.
ამასთან, კამპანიაში მონაწილეობა აეკრძალებათ იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც არჩევნების ან რეფერენდუმის დღემდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან რაიმე სახის დაფინანსება აქვთ მიღებული.
ნიკა კოვაჩის ხელმძღვანელობით მოქმედ "8 მარტის ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ SDS-ს მათი საქმიანობის აკრძალვა სურს.
"მესამე პირებზე, როგორც საარჩევნო კამპანიის ორგანიზატორებზე, გავრცელდება კანონის ყველა ის დებულება, რომელიც კამპანიის ორგანიზატორს ეხება, განსაკუთრებით კი - კამპანიის დაფინანსებისა და ფინანსური ანგარიშგების წესები", - განმარტა ჩერნაჩმა პრესკონფერენციაზე.
დეპუტატის თქმით, აკრძალვა შეეხება ნებისმიერ იურიდიულ პირს (მათ შორის ასოციაციებს, ინსტიტუტებსა და კომერციულ კომპანიებს), თუნდაც ისინი ფართო სამოქალაქო გაერთიანებების ფარგლებში მოქმედებდნენ.
კითხვაზე, ეხება თუ არა შეზღუდვა მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების უდიდესი ნაწილი უცხოურია, ჩერნაჩმა უპასუხა, რომ ნორმა ცალსახაა და კრძალავს "ნებისმიერი სახის დაფინანსებას არჩევნებამდე ან რეფერენდუმამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში".
მისივე თქმით, მესამე პირების კამპანიის დაფინანსება სავალდებულო აუდიტს დაექვემდებარება.
ჩერნაჩის პრესკონფერენციამდე "8 მარტის ინსტიტუტმა" განაცხადა, რომ SDS მათ აკრძალვას ცდილობს.
ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრის პარტია სოციალურ ქსელებში ნიკა კოვაჩის წინააღმდეგ "ამაზრზენი დისკრედიტაციის კამპანიის" წარმოებაში დაადანაშაულა.
მოქმედი კანონმდებლობით, კამპანიის ორგანიზება უცხოურ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ, თუმცა ამის უფლება აქვთ ადგილობრივ ორგანიზაციებს.
ჩერნაჩი ამას კანონის ხარვეზად მიიჩნევს და აცხადებს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ კამპანიის წარმართვა საარჩევნო პროცესზე უცხოური გავლენის ტოლფასია.
დეპუტატმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, უკავშირდება თუ არა ინიციატივა კონკრეტულად "8 მარტის ინსტიტუტს", თუმცა აღნიშნა: "უნდა გვაშფოთებდეს შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ინსტიტუტი საჯაროდ იწონებს თავს იმით, რომ აქამდე ჩატარებული ყველა სარეფერენდუმო კამპანია უცხოური სახსრებით დაიფინანსა. ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ეს უნდა შეწყდეს".
კრიტიკაზე, რომ კანონი ინსტიტუტის აკრძალვას ემსახურება, ჩერნაჩმა უპასუხა, რომ არ შეიძლება ერთი ჯგუფი პრივილეგირებული იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავს არასამთავრობო ორგანიზაცია უწოდა.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ "მულტინაციონალური რვაფეხას ერთი ფილიალი კამპანიისთვის იმაზე მეტ თანხას განკარგავს, ვიდრე კოალიციის ყველა პარტია ერთად". მან ამას სლოვენიის კონსტიტუციურ დემოკრატიაში უცხოური კორპორაციების პირდაპირი ჩარევა და ანტიკონსტიტუციური ქმედება უწოდა.
კანონპროექტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი ჩერნაჩმა აღნიშნა, რომ კანონის კონსტიტუციურობას შესაბამისი ორგანო აფასებს, თავად პროექტის მისაღებად კი პარლამენტში უბრალო უმრავლესობაა საკმარისი.
ახალი რეგულაციები და ჯარიმები
კანონპროექტის თანახმად, კამპანიის ორგანიზატორად ჩაითვლება ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც კამპანიის პერიოდში დამოუკიდებლად ახორციელებს ფასიან აქტივობებს ან საჯარო საარჩევნო კამპანია ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. ძირითადი ცვლილებები მოიცავს:
-რეგისტრაცია და ლიმიტი: მესამე პირები ვალდებულნი არიან, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე დარეგისტრირდნენ სახელმწიფო ან შესაბამის მუნიციპალურ საარჩევნო კომისიაში. კამპანიისთვის მათი დანახარჯების ზედა ზღვარი 10 000 ევროთი განისაზღვრება, ფინანსურ აუდიტს კი სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაატარებს.
- გაზრდილი ჯარიმები: რეგისტრაციისა და მონაცემების წარდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმა, ნაცვლად მოქმედი 350–800 ევროსი, 7 000-დან 10 000 ევრომდე იზრდება.
- მესამე პირებს არ ექნებათ საჯარო სივრცეებითა და უფასო სააგიტაციო ადგილებით სარგებლობის უფლება სხვა ორგანიზატორების თანაბარ პირობებში. მათ ასევე ეკრძალებათ მედიაში საკუთარი პროგრამების ან სარეფერენდუმო საკითხზე მოსაზრებების წარდგენა.
პროექტში დაზუსტებულია, რომ საჯარო საარჩევნო კამპანიად არ ჩაითვლება მოქალაქეების მიერ საკუთარი სახელით გამოხატული ჩვეულებრივი პოლიტიკური მოსაზრებები და სარედაქციო პასუხისმგებლობის ქვეშ მომზადებული მედიაკონტენტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ მომზადებაში, გავრცელებაში ან პოპულარიზაციაში სპეციალური ანაზღაურებაა გადახდილი.
