"წითელი ჯვრის" მონაცემებით, ჰიმალაის რეგიონში მომხდარი მეწყრის შედეგად, 90 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა და მათ სასწრაფოდ სჭირდებათ ჰუმანიტარული დახმარება. ამასთან, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების წარმომადგენლები შიშობენ, რომ შესაძლოა წყალდიდობები კიდევ განმეორდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ჩვენი შეფასებით, სულ მცირე, 93 000 ადამიანი დაზარალდა და მათ დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ“, - განაცხადა დევიდ ფიშერმა, "წითელი ჯვრისა" და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ნეპალის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
ფიშერის თქმით, ორგანიზაციის სატვირთო მანქანებმა, რომლებსაც დაზარალებულებისთვის საჭირო დახმარება გადაჰქონდათ, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რადგან მეწყრის შედეგად წარმოქმნილმა ტბამ ნაპირები გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. ამის გამო სამაშველო ოპერაციები დროებით შეჩერდა.
გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისის ხელმძღვანელის, კამალ კიშორის განცხადებით, შესაძლოა „ერთმანეთთან დაკავშირებული და თანმიმდევრული საფრთხეები" კიდევ განვითარდეს.
„გარკვეულწილად, კატასტროფა ბოლომდე არ დასრულებულა და ის კვლავ გრძელდება“, - თქვა მან.
