საფრანგეთში მძვინვარე ტყის ხანძარმა სამხრეთით მდებარე ქალაქ მარსელის გარეუბნებამდე მიაღწია, რის გამოც აეროპორტი დაიხურა. 

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს სახლში დარჩნენ და გარეთ გამოსვლისგან თავი შეიკავონ. ტყის ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

აეროპორტის წარმომადგენლების განმარტებით, რეისების შესრულება და მიღება დღეს შუადღიდან შეწყვეტილია. ჯერ უცნობია, როდის განაახლებს აეროპორტი მუშაობას. ზოგიერთი თვითმფრინავი ქალაქ ნიცაში გადამისამართდა.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი მარსელის ჩრდილოეთით მძვინვარებს და 30 ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის ქრობის პროცესში 160-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ადგილზე ვერტმფრენებიც გააგზავნეს.