გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის, MI-6-ის მომავალი მეთაურის, ბლეიზ მეტრეველის ბაბუა ნაცისტების თანამზრახველი იყო ჩერნიგოვიდან, რომელსაც მეტსახელად “ყასაბს“ ეძახდნენ. ამას გერმანიის არქივებში აღმოჩენილი დოკუმენტები ადასტურებს, რომელიც ბრიტანული გამოცემა daily mail-ის ჟურნალისტებმა მოიპოვეს.
დოკუმენტები ადასტურებს, რომ ბრიტანეთის დაზვერვის 116 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ქალი ხელმძღვანელი, ცნობილი ნაცისტური კოლაბორატორის შვილიშვილია, რომელიც გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობდა და კლავდა.
Daily mail-ის ცნობით, ქალბატონი მეტრეველის ბაბუა იყო კონსტანტინ დობროვოლსკი, უკრაინელი, მეტსახელად “ყასაბი“, რომელმაც წითელ არმიას უღალატა და უკრაინის, ჩერნიგოვის რეგიონში, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მთავარი ინფორმატორი გახდა.
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი მეტრეველი არასდროს შეხვედრია მამის ბაბუას - რომელიც ნაცისტების მიერ ოკუპირებულ უკრაინაში დარჩა, სანამ მისი ოჯახის დანარჩენი წევრები 1943 წელს რეგიონის საბჭოთა “განთავისუფლებას“ გაექცნენ - მისი ისტორია უხერხულ ჩრდილს აყენებს მის სხვაგვარად ბრწყინვალე კარიერას MI5-ში, MI6-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.