გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კვლავ კარგი ურთიერთობა აქვს. CNN-ის ცნობით, მერცმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა სამშაბათს Truth Social-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გერმანელი კოლეგა გააკრიტიკა.

"ჩემი შეხედულებით, აშშ-ის პრეზიდენტთან ჩემი პირადი ურთიერთობა კვლავ კარგი რჩება. უბრალოდ, თავიდანვე მეპარებოდა ეჭვი იმაში, თუ რა დაიწყო იქ ირანთან ომით", - განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს ბერლინში.

მან დასძინა, რომ გერმანია და ევროპა ჰორმუზის სრუტის დახურვის შედეგებით ზარალდება.

"ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ენერგომომარაგებაზე და კოლოსალურ გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე", - თქვა მერცმა.

სამშაბათს, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა მერცი ომთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო გააკრიტიკა და დაწერა: "გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი თვლის, რომ ირანს ბირთვული იარაღი უნდა ჰქონდეს. მან არ იცის რაზე საუბრობს!"