თორნიკე რიჟვაძის საქმის ფარგლებში დაკავებულ ალექსი ახვლედიანს ბრალი წარუდგინეს - მას იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. ოფიციალურ განცხადებაში არ არის მითითებული პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოითხოვს თუ პატიმრობას. სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

ალექსი ახვლედიანისთვის ბრალდების წარდგენის ტექსტში ვკითხულობთ გამოძიების ვერსიას, თუ რა მოხდა საგარეჯოში.

პროკურატურის თანახმად, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, მან მასპინძლისგან მალულად აიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში ჰქონდა დატოვებული. გამოძიების ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ, სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელში სწორედ ამ იარაღიდან გაისროლა გულ-მკერდის არეში.

ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადებით, ალექსი ახვლედიანი არ მიიჩნევს, რომ მან იარაღი დაუდევრად დატოვა.

"ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, არ ვიცი ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი, ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, რომელიც შემინულია და კარები იკეტება. ეს ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ იქ არის კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჯაროვდება. არ მგონია, რომ სპეციალურ ქეისით ვინმე დადიოდეს სააბაზანო ოთახში. დატოვა დახურულ სივრცეში. არ მიიჩნევს, რომ მან [იარაღი] დაუდევრად დატოვა. დახურულ, საცხოვრებელ სივრცეში აქვს დატოვებული", - განაცხადა ადვოკატმა ლალი აფციაურმა.