უკრაინა ვერ დათანხმდება ევროკავშირში გაწევრიანების ისეთ მოდელს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის ბაზარზე გარკვეული საკვები პროდუქტების გაყიდვას მუდმივად შეუზღუდავს - განუცხადა უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტარას ვისოცკიმ POLITICO-ს.
ევროკომისიამ ეს მოდელი სამშაბათს დაამტკიცა, როგორც ე.წ. გაფართოებამდელი პოლიტიკის მიმოხილვის ნაწილი, რომლის მიზანიც ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მომზადებაა.
"ჩვენთვის გარდამავალ პერიოდსა და მუდმივ შეზღუდვებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა. უკრაინა მზადაა პირველისთვის. ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის ლოგიკას", - განაცხადა ვისოცკიმ წერილობით მიმართვაში.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანება მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერასა და იმპორტთან დაკავშირებით. უკრაინას მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მილიონობით ტონა გააქვს და ევროკავშირში პროდუქციას მკაცრი კვოტების რეჟიმის პირობებში ყიდის. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად პოლონეთმა, უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი დაბლოკა, რათა საკუთარი სოფლის მეურნეობის სექტორი დაეცვა.
ევროკომისიის წინადადებაში ნათქვამია, რომ მას სურს "მნიშვნელოვნად შეზღუდოს მგრძნობიარე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფინანსური მხარდაჭერა და ბაზარზე წვდომა".
"კიევისთვის ბაზარზე სრული წვდომის მინიჭების ნაცვლად, კომისია უპირატესობას ანიჭებს უკრაინას დაეხმაროს "ისტორიულ" საექსპორტო ბაზრებზე დაბრუნებაში, რაც მოიცავს აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს" - ნათქვამია დოკუმენტში.
მაგრამ ვისოცკი ამტკიცებს, რომ უკრაინა ევროპელი ფერმერებისთვის მხოლოდ საფრთხედ არ უნდა აღიქმებოდეს. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია დაეხმაროს ევროკავშირს, ნაკლებად იყოს დამოკიდებული მესამე ქვეყნებიდან იმპორტზე ისეთი პროდუქტების მხრივ, როგორიცაა სასუქები, სოია და ლიზინი - ნივთიერება, რომელსაც ცხოველების საკვებში იყენებენ. "ასევე, უკრაინას შეუძლია ევროკავშირის მწარმოებლებს შავი ზღვის საექსპორტო მარშრუტებზე უკეთესი წვდომა მისცეს", - აღნიშნა მინისტრმა.
ვისოცკის განცხადებით, უკრაინა ასევე შეიძლება გახდეს ადგილი, სადაც საკვების გადამამუშავებელ საწარმოებში ინვესტირება იქნება შესაძლებელი.
"ჩვენი მიზანია, წევრობამდე მივიდეთ ისეთი სექტორით, რომელიც ევროპას მიაწვდის არა მხოლოდ მარცვლეულსა და სხვა ნედლეულს, არამედ ცხოველების საკვებს, საკვების ინგრედიენტებს, გადამუშავებულ პროდუქტებსა და ბიოსაწვავსაც", - დასძინა მან.
