უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიჰას განცხადებით, უკრაინამ ოფიციალურად აცნობა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციის მოძრაობისთვის სახიფათოა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
"უკრაინამ ოფიციალურად აცნობა ICAO-ს, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო სამოქალაქო ავიაციისთვის სახიფათოა. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ამას", - განაცხადა სიბიჰამ.
მისი თქმით, რუსეთი განზრახ უგულებელყოფს არსებულ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა შექმნა. სიბიჰას განცხადებით, ამ რისკებს ბოლო წლებში უკვე რამდენიმე საავიაციო ინციდენტი მოჰყვა.
"ჩვენი პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებაა, ვაცნობოთ ICAO-ს, ყველა ავიაკომპანიას და მთავრობას სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობის შესახებ, მაშინაც კი, თუ რუსეთი უარს იტყვის ინფორმირების ვალდებულების შესრულებაზე. ჩვენ გვსურს თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ინციდენტები", - განაცხადა სიბიჰამ.
ოფიციალური შეტყობინება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების მეორე დღეს გავრცელდა.
ზელენსკიმ ავიაკომპანიები, სადაზღვევო კომპანიები და რუსეთის ძირითადი აეროპორტების მომხმარებლები გააფრთხილა, რომ უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი დრონების გამოყენების ოპერაციების გაფართოების ფონზე, რუსეთის საჰაერო სივრცე სულ უფრო სახიფათო ხდება.
