აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Reuters-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანმა "მნიშვნელოვნად" უნდა შეამციროს ურანის გამდიდრების შესაძლებლობები, რათა დააკმაყოფილოს აშშ-ის მოთხოვნები და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე შვიდთვიანი ომი დასრულდეს.
ამასთან, მედია წერს, რომ ვაშინგტონში ზუსტად არ იციან, როგორ იღებს თეირანი გადაწყვეტილებებს მოლაპარაკებების პროცესში.
ვენსის განმარტებით, ნებისმიერი შეთანხმება ირანს უნდა ავალდებულებდეს ბირთვული გამდიდრების სიმძლავრის შემცირებას და არა მხოლოდ შემცირების გარანტიების დადებას.
"თუ ბირთვული იარაღის შექმნას არ ისახავთ მიზნად, რატომ გჭირდებათ 60%-მდე გამდიდრებული საწვავი? და თუ გსურთ აჩვენოთ, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებთ, ნუ აწარმოებთ მაღალგამდიდრებულ საწვავს. ეს ყველაზე ფუნდამენტური, კრიტიკული საკითხია. ვფიქრობ, თუ მათ სურთ დაამტკიცონ, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებენ, მათ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგან გამდიდრების შესაძლებლობების კუთხით", - თქვა ვენსმა.
ბოლო კვირების განმავლობაში, ირანმა და შეერთებულმა შტატებმა წინადადებები გაცვალეს, რომლებიც მიზნად ისახავდა ომის დასრულებას და გლობალური ენერგეტიკული ტრანზიტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტზე, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას. ტრამპმა უარყო თეირანის უახლესი წინადადება და გააფრთხილა, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ საომარი მოქმედებები შესაძლოა განახლდეს.
ვენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავ მზად არის შეთანხმებისთვის, თუმცა ირანისგან ბირთვულ საკითხში კონკრეტულ დათმობებს მოითხოვს.
როგორც გამოცემა წერს, ვენსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის მონაწილეობას უცხოურ ომებში, წამყვან როლს თამაშობდა კონფლიქტების მოგვარების მოლაპარაკებებში და ივნისში მისი შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებაც დაიდო, რომელიც მალევე ჩაიშალა. ომმა შეარყია გლობალური ენერგეტიკული ბაზრები და ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ, პოლიტიკურ ტვირთად იქცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი თანამებრძოლი რესპუბლიკელებისთვის.
