აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანელებს შესაძლოა წვდომა მიეცეთ 300 მილიარდი დოლარის ოდენობის აღდგენის ფონდზე. მისი თქმით, ეს სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ დაფინანსდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გარკვეულ ვალდებულებებს შეასრულებენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ეს ის სერვისებია, რომლებზეც მათ შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ, თუ ისინი შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და ეს დაფინანსებულია სპარსეთის ყურის ქვეყნების კოალიციის მიერ," - განაცხადა ვენსმა.

ამასთან, ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ ირანის რეჟიმის რადიკალური ფრთა საკუთარი სარგებლისთვის გაზვიადებულად წარმოაჩენს ირანის მიერ მიღებულ სარგებელს და, ამავდროულად, დააკნინებს ყველა იმ დათმობას, რომელზე წასვლაც თეირანს მოუწევს.

ვენსის თქმით, შეერთებული შტატები "განსახილველი საკითხების უმეტესობისთვის ღიაა", თუმცა უარყო, რომ ირანის მიერ, გაყინული სახსრების სახით, 24 მილიარდი დოლარის მიღება შეთანხმების ნაწილია, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.