აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაზე მხარეები პირველ კომენტარებს აკეთებენ. შტატების ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონი აფასებს, მზად არის თუ არა ირანი გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან.
ჯეი დი ვენსის თქმით, თუ ირანს არ სურს ასეთი ცვლილებები, შეერთებული შტატები ზეწოლას გააგრძელებს. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკამ ირანის ბირთვული პროგრამა უკვე გაანადგურა, დაშალა მისი სამხედრო შესაძლებლობები და მნიშვნელოვნად შეამცირა ის.
"ჩვენ გავანადგურეთ მათი ბირთვული პროგრამა. ჩვენ გავანადგურეთ მათი ჩვეულებრივი სამხედრო ძალები. ჩვენ რადიკალურად შევამცირეთ მათი, შეიძლება ითქვას, ასიმეტრიული სამხედრო შესაძლებლობები. ახლა კი ვცდილობთ ვნახოთ, მზად არიან თუ არა განახორციელონ ისეთი გრძელვადიანი ცვლილებები, რაც აუცილებელი იქნება შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. და თუ არა, ესეც კარგია. ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ ზეწოლას, რომლის განხორციელებაც შეგვიძლია და რაც შეიძლება მეტი ნავთობისა და გაზის მიღებას ახლო აღმოსავლეთიდან, რათა ამერიკელებმა ისარგებლონ გაზისა და ენერგიის უფრო დაბალი ფასებით", - განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.
