"ახალი წესის შესაბამისად, ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, კარგად გათვითცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, მსგავსი მიდგომა მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში აპრობირებულია.
"საარჩევნო მარათონისთვის ინფორმირებული არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანია - ახალი წესის შესაბამისად, თუკი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, კარგად გათვითცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა. შესაბამისად, ეს ცვლილება არ არის არანაირად ნოვატორული, არის აპრობირებული ცალკეულ, დემოკრატიულ ქვეყნებში. ფიქრობთ, რომ გადაწყვეტილების ინფორმირებულად განხორციელებაში მსგავსი ცვლილება ჩვენს საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში არ ცხოვრობენ, ხელს შეუწყობს," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
საარჩევნო კოდექსში წლის ბოლომდე ცვლილებები შევა. ერთ-ერთი ცვლილება ეხება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს. ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტის არჩევნებზეც, ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს საზღვრებში. სპიკერის განცხადებით, ცვლილება კონსტიტუციის 24-ე მუხლს ემყარება, რომლითაც სახელმწიფო ვალდებულია ნების თავისუფალი გამოვლენა უზრუნველყოს, რაც თავის თავში გარე ჩარევისგან თავისუფალ გამოვლენასაც გულისხმობს. პარლამენტის თავმჯდომარემ გარე ჩარევებზე, დეზინფორმაციის გავრცელებასა და ზემოქმედების რისკზე ისაუბრა. მისივე თქმით, მოდელი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.
