"არ მგონია, რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს BBC-მ მაშინ, როდესაც ამ საკითხის სერიოზული განხილვა დაიწყება საერთაშორისო დონეზე," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საუბრობს.

საუბარია BBC-ის მიერ მომზადებულ ე.წ. საგამოძიებო ფილმის შესახებ, რომელშიც "ქართული ოცნება", ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაშია დადანაშაულებული.

მმართველი პარტია ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ცილისმწამებლური მასალისა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის გამო უჩივის.

"მიზანია საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია. ეს იმდენად აშკარაა, რომ არა მგონია რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს BBC-მ მაშინ, როდესაც ამ საკითხის სერიოზული განხილვა დაიწყება საერთაშორისო დონეზე. თუმცა, რაღაც პროცედურები გასასვლელია. სულ ახლახან გამოვლინდა, რომ აბსოლუტურად რეალობასთან შეუსაბამო სიუჟეტი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დაკავშირებით, და მაშინ გადადგა ნაბიჯები, მოიშორა ხელმძღვანელი პოსტებიდან გარკვეული ადამიანები, აღიარა დანაშაული. მაგრამ, საქართველო რატომღაც მიაჩნიათ დაბალ ღობედ, რომელსაც შეიძლება მიაყენონ შეურაცხყოფა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნით დააზიანონ მისი იმიჯი და ამასთან დაკავშირებით არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

"ქართული ოცნება" BBC-გან დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური რეპორტაჟის ყველა პლატფორმიდან აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. მმართველი გუნდი ეჭვობს, რომ BBC-ის მიერ მომზადებული ე.წ. საგამოძიებო ფილმი პოლიტიკური კამპანიის ნაწილიც იყო.