ორეგონის შტატის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს რამდენიმე ქალაქში ბიძგები გამოიწვია და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მეტი ბიძგი განმეორდება. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ხუთშაბათს საღამოს, აღმოსავლეთის დროით 22:25 საათზე, წყნარ ოკეანეში, სანაპიროდან დაახლოებით 290 კილომეტრის დაშორებით, 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, სამი საათის შემდეგ, პარასკევს დილით ადრე, 3.1 მაგნიტუდის ბიძგი მოხდა და ამჟამად, 65%-იანი შანსია, რომ ამ შაბათ-კვირას, აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ უფრო მეტი ბიძგი მოხდეს.
ორეგონის მაცხოვრებლების მრავალი ცნობა მიუთითებს, რომ ძლიერი სეისმური მოვლენა იგრძნობოდა პორტლენდამდე, მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაახლოებით 480 კილომეტრის დაშორებით.
