ბარსელონაში, სამგზავრო თვითმფრინავი, სამხედრო თვითმფრინავის თანხლებით ავარიულად დაეშვა, მას შემდეგ, რაც ქალმა შენიშნა მგზავრი, რომელიც ტელეფონის საშუალებით ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
El Nacional-ის ცნობით, Turkish Airlines-ის რეისი, რომელიც დღეს დილით სტამბოლის აეროპორტიდან "ელ პრატის" აეროპორტში 11:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე დაეშვა, ხმელთაშუა ზღვიდან ესპანური და ფრანგული სამხედრო თვითმფრინავების თანხლებით მოძრაობდა.
მუქარის განცხადებები იტალიის სანაპიროსთან ახლოს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე აღმოაჩინეს. ესპანური მედიის ცნობით, ეკიპაჟს ქალმა შეატყობინა, რომელმაც თქვა, რომ ერთი მგზავრი ტელეფონის საშუალებით ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა.
დაშვებამდე თვითმფრინავმა ტერიტორიას რამდენჯერმე შემოუარა. დაშვების შემდეგ, პოლიციამ თვითმფრინავს ალყა შემოარტყა და ისინი მალევე ბორტზე ავიდნენ. მედიის ინფორმაციით, დაშვების შემდეგ თვითმფრინავი მოშორებით განლაგებულ სადგომზე, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, Airbus A-321-ის ბორტზე დაშვების დროს 148 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ისინი გამომძიებლების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
კატალონიის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ "ელ პრატში" დაშვებული თვითმფრინავის ბორტზე რისკების სიტუაციის მონიტორინგისთვის Aerocat-ი [სპეციალური საავიაციო საგანგებო გეგმა] იყო გააქტიურებული.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ბომბის შესახებ მუქარა ტყუილი იყო, რომელიც თვითმფრინავში არსებული ინტერნეტ-ცხელი წერტილის საშუალებით გადაიცემოდა. დაწყებულია გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ იდგა ცრუ ინფორმაციის უკან.
