პარლამენტში სპეციალური კომისია იქმნება, რომელიც ფასების რეგულირებაზე იმუშავებს. დადგენილების პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კომისიის შექმნას კენჭს უყრიან.

პრემიერის ინიციატივით შექმნილმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. თავდაპირველად, აქცენტი იყო სურსათის ფასებზე, თუმცა შემდეგ მანდატი გაფართოვდა და შესწავლის საგანი გახდა მედიკამენტებისა და საწვავის ბაზარიც. ახლა კი პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, მაქსიმალური უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ სოციალური ეფექტი სწრაფად მიიღოს.

"გვაქვს ჩვენი წინადადებები, მოსაზრებები, შენიშვნები და შეთავაზებები პრობლემების მოგვარებისთვის, მაგრამ ეს რთული პროცესია. აქ არა მარტო საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, არამედ მოკლევადიან პერიოდზეც უნდა ვიფიქროთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად  იგრძნოს სოციალური ეფექტი ჩვენმა საზოგადოებამ", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.