იაპონიაში, სათხილამურო კურორტზე ავსტრალიელი ტურისტი ქალი დაიღუპა. როგორც independent-ი წერს, მოთხილამურის ჩანთა საბაგიროს გამოედო და ის ჰაერში ჩამოეკიდა.

22 წლის ელა დეი ბრუკი 30 იანვარს, ნაგანოს პრეფექტურაში, ოტარიში, ცუგაიკეს სათხილამურო კურორტზე მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მედიის ცნობით, მიღებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა ქალს გული გაუჩერდა.

საბაგიროს ავარიული გაჩერების შემდეგ, ქალს გადაუდებელი დახმარება ადგილზე გაუწიეს და შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის საავადმყოფოში გარდაცვლილად გამოცხადდა.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქალის გარდაცვალება დაადასტურა და აღნიშნა, რომ ოჯახს შესაბამის დახმარებას უწევს.