საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც Rustavi 2-ზე "დებატებში" მონაწილეობის უარი განაცხადა.

"გახარიას პარტიის პრინციპი, ზოგადად, არის, რომ ჩვენ რაც გვაწყობს, იმ განცხადებას ვაკეთებთ, ჩვენ რაც გვაწყობს, ის პოლიტიკა არის მისაღები. პირისპირ ჯდომა რას ნიშნავს - პირისპირ დაჯდები ნებისმიერ პოლიტიკურად მოწინააღმდეგე პარტიასთან და ილაპარაკებ, როცა მოგიწევს რიგი მაშინ. მაშინაც როდესაც ორნი სხედხართ, როცა სამნი სხედხართ და როცა ოთხნი სხედხართ. დებატების ფორმატო არის სხვადასხვა პოლიტიკურად მოწინააღმდეგე პოზიციაზე მყოფ პარტიის წარმომადგენელთან გქონდეს დებატი. გახარიას პარტიას ანი-ბანი აქვთ სასწავლი, არა უშავს, ნელ-ნელა შეეჩვევიან," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.

დებატები "რუსთავი 2-ზე" - პირდაპირ ეთერში საჯარო დისკუსიის ფორმატი ბრუნდება. მაყურებელი ერთ სივრცეში განსხვავებულ პოზიციებს და არგუმენტებს მოისმენს. დებატები "რუსთავი 2-ის" ეთერში ზუსტად 22:00 საათზე დაიწყება, პირველი გადაცემის თემა იქნება ცვლილებები გრანტების კანონში. ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან მმართველი გუნდის ლიდერები, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები, არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. 2-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, გახარიას გუნდი სატელევიზიო დებატებზე უარს აცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ პარტია გავრცელებულო განცხადებაში ამბობს, რომ მზად არის საჯარო დისკუსიისთვის, იქვე საუბრობს წინაპირობებზე, რომ დებატებში მხოლოდ მათთვის მისაღები პირობებით ჩაერთვება.