ზოგადად ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებებთან, ევროპულ მიდგომებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად თავდასხმებისა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვრცელდება, საქართველო ეკონომიკურად წინ მიდის და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილია.
"ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი. ასე რომ, მათი გადასაწყვეტია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ბიუროკრატიულ ქაღალდებში ჩარგული ადამიანები, ბიუროკრატები ვერ ხედავენ ადამიანებს სხვა ქვეყანაში, ვერ ხედავენ ქართველებს. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის თვალში თავის თავს აზიანებენ. რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად თავდასხმებისა, ცრუ ნარატივებისა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვრცელდება, საქართველო ეკონომიკურად წინ მიდის, მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, ვინც ზიანდება, ზიანდება ბრიუსელი და ბრიუსელის რეპუტაცია ქართველების თვალში", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.