ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ პანელური დისკუსია კონგრესმენებისა და სენატორების გარეშე გაიმართა. საქართველოს საკითხზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი კი მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში NDI-ს ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი იყო. თორნტონმა განაცხადა, რომ მიუხედავად გამკაცრებული კანონმდებლობის ამოქმედებისა, რომელმაც დონორებისგან ფულის მიღება გაართულა მაინც იპოვეს კრეატიული გზები, რომ დაფინანსება მიაწოდონ ორგანიზაციებს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საზოგადოება, ქართველი ხალხი დაიცვას სუვერენიტეტის ხელყოფისგან.
“ქალბატონმა ლორამ პირდაპირ თქვა, რომ მოდით, ახლა ჩვენ კიდევ შევეცადოთ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა დავარღვიოთ და რაღაც გვერდის ავლით საქართველოში შევიტანოთ შავი ფული, დავაფინანსოთ რადიკალები. მე ამაზე ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქალბატონ ლორას მიზნებს არ ექნება არანაირად პროგრესი და წინსვლა, და წარმატება. ჩვენი ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი დაიცვას სუვერენიტეტის ხელყოფისგან. ბუნებრივია, რომ კეთილ მიზნებს ჩვენი ხელისუფლება ყველა შემთხვევაში მისცემს მწვანე შუქს, თუ აქ რადიკალიზმის დაფინანსება, რევოლუციები და ქვეყნის გადაწვა არის ამ ყველაფრის მიზანი, ნურც ნურავის გაუკვირდება, რომ ასეთი თანხების შემოდინება სახელმწიფო ეტყვის უარს“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
