პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირების მხრიდან ჯანმრთელობაზე და ოჯახურ მდგომარეობაზე აპელირება, არა თუ უკან დახევაა, არამედ გარკვეული მცდელობაა თავისი როლი ამ ვერ დატრიალებულ უბედურებაში შეამცირონ.
ვოლსკის თქმით, ისინი ცდილობენ, რომ საზოგადოებაში ემპათია გააჩინონ და ხელისუფლებას გადაჭარბებული სიმკაცრე დააბრალონ.
"არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობა და ოჯახური მდგომარეობაა. რა საკვირველია, ეს არა თუ უკან დახევაა, არამედ გარკვეული მცდელობაა, რომ თავისი როლი ამ უბედურებაში, რაც უნდა დატრიალებულიყო და ვერ დატრიალდა შეამცირონ და ემპათია გააჩინონ ადამიანებში. მაგრამ, მე მაინც ბოროტებას ვხედავ ამაში, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ ამაშიც გარკვეული გეგმა იყოს ჩადებული. ქართულ საზოგადოებას ახასიათებს ემპათია ადამიანების მიმართ, ლოიალობა თუნდაც დამნაშავის მიმართ. ეს ეროვნული ნიშანია. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი თუ ილაპარაკებს იმაზე, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია იგი პირადად და მისი ოჯახი, შეიძლება ამან, მათ აზრით, გააჩინოს უფრო მეტი მხარდამჭერი, რომელიც აი ამ დღევანდელ ხელისუფლებას დააბრალებს გადაჭარბებულ სიმკაცრეს. არ არის გამორიცხული, რომ ამ მიზანს ემსახურებოდეს. ინდულგენცი, რასაკვირველია არ არის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
