საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის გამარჯვება გარდაუვალი რეალობაა, ვიდრე ოპოზიციურ ფლანგზე ზიზღისა და სიძულვილის კამპანია გაგრძელდება.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს განვითარებისთვის პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღება და ოპოზიციის გაწმენდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

"დაახლოებით 10 წელია მე აქტიურ პოლიტიკაში ვარ. მანამდე 2012 წლის შემდეგ მქონდა შეხება, მაგრამ აქტიურ პოლიტიკაში არ ვყოფილვარ. დაახლოებით 8-9 არჩევნები გამოვიარე მე პირადად.

ამ 8-9 არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ და საზოგადოებას უნდა ვუთხრა, რომ ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის.

სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ეს ძალა, რომელიც ზიზღის, სიძულვილის კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს, ჩვენ ვართ განწირული გამარჯვებისთვის.

საზოგადოებას უნდა ვუთხრა, რომ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია ჩვენ რომ ვიმარჯვებთ, მაგრამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი გარემო, რომ არ იყოს ზიზღი და სიძულვილი, მაგრამ სანამ ეს ძალები იქნებიან მთავარი ოპოზიციური ძალა, მანამდე განწირული იქნება "ქართული ოცნება" და მმართველი ძალა გამარჯვებისთვის.

ვიმარჯვებთ და განწირული ვართ გამარჯვებისთვის და თქვენ სანამ იქნებით ოპოზიციაში, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით გამარჯვებული. უბრალოდ გარდაუვალი რეალობაა, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ. სანამ არ გაიწმინდება ოპოზიციური ფლანგი, მანამდე გაჭირდება დიდი ნაბიჯებით განვითარება,"- აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.