პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ დაიცვა თავისი სტრატეგია ირანთან მიმდინარე ომში და აღნიშნა, რომ თეირანის ეკონომიკური მდგომარეობა არამდგრადია. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, განცხადების დროს, დონალდ ტრამპმა ირანზე ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო ზომებზე ისაუბრა, იმ ფონზე, როდესაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩიხში შევიდა.

"უბრალოდ განაგრძეთ დაკვირვება და ნახავთ, რომ ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან. მათ 300%-იანი ინფლაცია აქვთ, მათი ეროვნული ვალუტა თითქმის მთლიანად გაუფასურებულია. ისინი საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებს ვეღარ უხდიან, ჯარისკაცები კი სამსახურს ტოვებენ", - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-მ შეიძლება "მათ ძალიან ძლიერად დაარტყას“.

"ეკონომიკურად ისინი სრულ არეულობაში არიან. მათ არ შეუძლიათ სესხის აღება. მათ ბევრი ფული ჰქონდათ და ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს მასზე. მე მათი ბანკირი ვარ“, - თქვა ტრამპმა.