მმართველი გუნდის შეფასებით, პატიმარი ექსპრეზიდენტის პარტიაში ბრძოლა შიდა პარტიული გავლენებისთვის გრძელდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეები დათვლილი აქვთ.

"საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარაობა, პოზიორობა საკუთარი დავალების მიმცემების და მბრძანებლების წინაშე უცხოეთიდან, Deep state-თან. რა ყრილობაზეა ლაპარაკი, "ნაცმოძრაობას" პოლიტიკური თვალსაზრისით, მართლაც მთელი ქვეყანა ხედავს, რომ საბოლოო დღეები დათვლილი აქვთ. არანაირი მხარდაჭერა საზოგადოებისგან, სრული არეულობა და ქაოსი თვითონ ამ ე.წ. პარტიაში. ის უმძიმესი დანაშაულები, რაც მათ აქვთ წამოკიდებული საკუთარი ხალხის, საკუთარი ქვეყნის წინაშე, და ამ ყველაფრის ფონზე რა ყრილობა უშველით მათ? - ან ვისი მონაწილეობა ან არ მონაწილეობა რაიმე ფორმით შეცვლის, იმ სავალალო ზღვარს ქვემოთ დაშვებულ მდგომარეობას, რაც კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" გააჩნია.

ეს არის აგენტურის და აგენტურული ოპოზიციის ბედ-იღბალი, საბოლოოდ განულება საკუთარი საზოგადოების თვალში და იმის მცდელობა, რომ საკუთარი ქვეყნის საზიანოდაც კი, უცხოეთიდან მიიღონ დავალებები და ისინი შეასრულონ.

დროებითი მმართველობა, ციხიდან გამოგზავნილი ექსპრეზიდენტის აუდიო მიმართვა და ხაბეიშვილი-ნადირაძის წერილები - ასე დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, სადაც დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი ფავლენიშვილი აირჩიეს. ღონისძიებაზე დღეს არ გამოჩენილა ნანუკა ჟორჟოლიანი, თუმცა ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა თანამოაზრე მარიზი კობახიძე. ყრილობას წინ უძღოდა დაპირისპირება თინა ბოკუჩავასა და პარტიის სხვა წევრებს შორის. თინა ბოკუჩავამ კი, მედიასთან განაცხადა, რომ ამ საბჭოში საკუთარ თავს ვერ ხედავს.