უკვე მესამე დღეა ქვეყანაში "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" მოქმედებს. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ამერიკული "ფარას" ქართული ანალოგი თავის საქმეს გააკეთებს და საქართველოს შიდა საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევას მაქსიმალურად აღკვეთს; უზრუნველყოფილი იქნება ფინანსური გამჭვირვალობაც.
კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რეგისტრაციისთვის 10-დღიანი ვადა აქვთ. კანონდამრღვევებს ფულადი ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრებათ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, "ფარას" საკანონმდებლო სივრცის მიზანია ქვეყანა დაიცვას საეჭვო წარმომავლობის თანხებისგან.

"ფარას" საკანონმდებლო სივრცე ემსახურება იმას, რომ ქვეყანა იყოს სუვერენული, დაიცვას ის იმ გამჭვირვალე, საეჭვო წარმომავლობის თანხებისგან, რომელთა მიზნობრიობაც არის არა ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება, არამედ პირიქით, საქართველოში დემოკრატიის ნგრევა.

ბუნებრივია, რომ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც შეეწინააღმდეგება ძალაში შესულ კანონს და არ მოახდენს სათანადო წესით რეგისტრაციას, დაექვემდებარება სანქცირებას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.