ევროპის ქალაქებში მიმდინარე მასობრივი არეულობები თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

მმართველ გუნდში იხსენებენ, როგორ ცდილობდნენ უცხოელი აქტორები სამართალდამცველებისთვის ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას - ევროკავშირის დაფინანსებით აწარმოებდნენ კამპანიას "მე ვისროლე" და ითხოვდნენ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის დაკავებული ლაზარე გრიგორიადის გათავისუფლებას, რომელიც, საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი ყველაზე ნათლად ახლა გამოჩნდა, როდესაც ევროპაში პროტესტმა იფეთქა, პარიზში "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის კი დაკავებულებს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ის ძალადობა, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოში აქეზებდნენ და ახალისებდნენ, დღეს მათ საკუთარ ქალაქებში მიიღეს, რაც ბუნებრივი და კანონზომიერი ფაქტია.

"ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებდნენ, უსამართლოდ, "დემოკრატიის უკუსვლის" გამო, დღეს კი ვხედავთ, რომ დემოკრატია დასაცავი ევროპაში გახდა და ამ ევროპაში დემოკრატიის დაცვის პროცესში საქართველო მათთვის უკვე მაგალითადაც კი იქცა. რასაკვირველია, სინამდვილეში, ცვლილებები, რომელიც ჩვენ შეგვქონდა მანიფესტაციების შესახებ კანონში, გამჭვირვალობის კანონში, სხვა მიმართულებით, სწორედ დემოკრატიის დასაცავად იყო მიღებული და ის ძალადობა, რომელსაც ეს ევრობიუროკრატები აქ აქეზებდნენ და ახალისებდნენ, დღეს მათ საკუთარ ქალაქებში მიიღეს, რაც ბუნებრივი და კანონზომიერი ფაქტია. მაგრამ, თუნდაც ის, რომ დღეს საკუთარ ქვეყნებში მათი შეხედულებები, გადაწყვეტილებები, შეფასებები რადიკალურად განსხვავდება იმ ყველაფრისგან, რაც საქართველოს მიმართებით ჰქონდათ, ვფიქრობ, პირველ რიგში, ამ ევრობიუროკრატებს, თუ უნდათ, რომ საკუთარი რეპუტაცია გადაარჩინონ, ბოდიში უნდა მოუხადონ საქართველოსა და ქართველ ხალხს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.