ორმაგი სტანდარტი და უსაფუძვლო კრიტიკა - თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა მარტა კოსის განცხადება. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თქმით, ის იმედოვნებს რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება ევროპულ გეზს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიუსელი რიტორიკას არ ცვლის და გრძელდება საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რაც თავად ევროკავშირის უარგუმენტო გადაწყვეტილება იყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი
ვოლსკი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვას.

"თვალთმაქცობა პოლიტიკაში, ეს არის ამ განცხადების სათაური, ვინაიდან ყოველდღე ევროკომისია აქვეყნებს კვლევების შედეგებს, სადაც საქართველოს მონაცემები ბევრი ევროკავშირის ქვეყანას უსწრებს და ამ დროს მარტა კოსი ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც ჰქვია საქართველოს ამ სისხლისღვრაში ჩართულობის უზრუნველყოფას.

"ქართულმა ოცნებამ" უნდა დაიცვას თავის ეროვნული ინტერესები ისევე, როგორც იცავს ზოგიერთი ევროკავშირის ქვეყანა, ისევე როგორც იცავს ამხელა ქვეყანა, როგორიც არის აშშ.

ევროპა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩვენ მუდმივად მზადყოფნაში ვართ განვაახლოთ ხვალვე ნებისმიერი მიმართულებებით მოლაპარაკებები, რაზედაც ჯერჯერობით უარს გვეუბნებიან, იმის გამო, რომ თავისივე მომზადებული რევოლუციონერი დღეს ციხეშია და პასუხი აგო კანონის წინაშე,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი.