ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას უყარა კენჭი, ცვლილებებს, 638 დეპუტატიდან, 518-მა დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე იყო 96.

იმ შემთხვევაში, თუ მიღებული კანონმდებლობა ამოქმედდება, ეს ევროკავშირს 61 ქვეყანასთან გაუმარტივებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებას.

დოკუმენტის მიხედვით, უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს "ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები" ან "უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები".

"უვიზო მიმოსვლა "ქართული ოცნების" პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ, მას არაფერი აქვს გადასარჩენი, თუკი იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას.

"ასე ძალიან როგორ გინდათ (უვიზო მიმოსვლის შეჩერება)? შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო არ შეგიწყდებათ. "ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ ჩვენ უვიზო მიმოსვლა. "ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, დაგარწმუნებთ, რომ თქვენ ეს საფრთხე არ გემუქრებათ.

უვიზო მიმოსვლას არაფერი აქვს გადასარჩენი, თუკი იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. საქართველო ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რომელიც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას. თუკი ვინმეს შეიძლება, ეჭვები ჰქონდეს, ვინ არ ასრულებს თუ ვინ არ ითვალისწინებს ამ ვალდებულებებს, ეს სხვა მხარეს არის.

ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ინსტრუმენტალიზაცია ევროკავშირთან ურთიერთობების. სხვა მიზეზი, სხვა საფუძველი არ არსებობს, რომ ამ თემაზე საქართველოსთან მიმართებით საერთოდ საუბარი იყოს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.