პოლიციის ინფორმაციით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, გამოძიების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა, ცეცხლი გახსნასა სასამართლო დარბაზში, რის შედეგადაც მოსამართლე მოკლა და ორი სხვა პირი დაჭრა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
მოსამართლე ასტრიტ კალაია ორშაბათს სააპელაციო სასამართლოს სხდომას თავმჯდომარეობდა, როდესაც მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, განაცხადა პოლიციამ და დასძინა, რომ თავდამსხმელი დაუყოვნებლივ დააკავეს.
"მოსამართლე სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ, მიყენებული ჭრილობების შედეგად, გზაში გარდაიცვალა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, საქმის სხვა ბრალდებულებს, მამა-შვილს, ასევე აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმე ქონებრივ დავას ეხებოდა.
ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ სროლას "ტრაგიკული მოვლენა“ უწოდა და ცეცხლსასროლი იარაღით დანაშაულებისთვის უფრო მკაცრი სასჯელები მოითხოვა. მან განაცხადა, რომ ასეთი დანაშაულები "აგრესორის წინააღმდეგ უმკაცრეს სამართლებრივ პასუხისგებას მოითხოვს".