თბილისის საქალაქო სასამართლომ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
სახელმწიფო ბრალდება ხუთივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი - დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - ამ მუხლებით, პროკურატურამ 5 პოლიტიკოსს ბრალი გუშინ წაუყენა.