თბილისის საქალაქო სასამართლომ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს, რასაც დავის მხარე არ ეთანხმება.

სიტყვით ისარგებლეს დაკავებულებმა. არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ხუთივე დაკავებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედება ბრალად.

საკითხს გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. თინა ბოკუჩავას თქმით, მიმდინარე პროცესი მძიმეა, როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკურად.

"გუშინ ღამეც აიყვანეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ადამიანურადაც, მორალურადაც და პოლიტიკურადაც, ამ რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა გავძლიერდეთ, გავერთიანდეთ. ყველაფერი გაკვეთილად უნდა მივიღოთ - საკუთარი თუ სხვისი შეცდომები, იმისთვის, რომ წავიდეთ წინ მეტი ერთიანობით, პასუხისმგებლობით, ორგანიზებულობით, კოორდინაციით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.