ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო ხელისუფლების დამხობის მცდელობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის დაკავებული 5 პოლიტიკოსის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - ამ მუხლებით პროკურატურამ მათ ბრალი გუშინ წაუყენა.

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საკითხს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, წარმოუდგენელია, ადამიანებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას თავს ესხმოდნენ და მერე მოლოდინი ჰქონდეთ, რომ კანონი წინაშე პასუხს არ აგებ.

"პოლიტიკური შეფასების საგანს ცდება მათი მოქმედება. უკვე შეაფასე პროკურატურამ. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოც შეაფასებს.

როდესაც ხმამაღლა აცხადებ, რომ უნდა დაამხო ხელისუფლება, შემდეგ მიტინგზე სიას კითხულობ, როგორ უნდა დააპატიმრო მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერე მოუწოდებ, რომ წავიდნენ და აიღონ პრეზიდენტის ადმინისტრაციული სახლი - რა უნდა დაემართოს ასეთ პირებს?! რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს?! არის დედამიწაზე ადამიანი, რომელიც ივარაუდებს, რომ ამის გამკეთებელს კანონი არ მიაკითხავს?!

ეს ადამიანები თავის ხელით წერენ თავის საბრალდებო დასკვნას, თავის განცხადებებით, თვითონ დებდნენ მტკიცებულებას. პროკურატურას საქმე აღარ აქვს, შეუძლია მათი ინტერვიუებიდან, გამოსვლებიდან, გადმოწეროს და მუხლი მიუთითონ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.