გახარიას პარტია ხვალიდან პარლამენტში მუშაობას იწყებს. ერთი დღით ადრე, კომენტარი პარტიაში გაკეთდა. გადაწყვეტილება შიდა დაპირისპირების მიზეზიც გახდა, მანდატი და პარტიის რიგები დატოვა რუსუდან თევზაძემ, რომელიც ერთ-ერთი იყო 12 უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლეთა შორის.

შეწყვეტილი ბოიკოტი შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. გახარიას გუნდს აკრიტიკებს ოპოზიცია, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათ მაინც მოუწიათ არჩევნების და, შესაბამისად, პარლამენტის აღიარება, თუმცა მათი საკანონმდებლო ორგანოში შესვლით არაფერი შეიცვლება.

"გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, ისინი პარლამენტში ხვალიდან შევლენ და მუშაობას დაიწყებენ, თუმცა მის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ მანდატები, გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რომელსაც იძლევა პარლამენტი და საპარლამენტო საქმიანობა. შესაბამისად, ჩვენ ხვალიდან ამ საქმიანობას დავიწყებთ საქართველოს პარლამენტში. ჩვენ, რა თქმა უნდა, არც ახლა ვაღიარებთ პარლამენტის ლეგიტიმაციას, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ იმ რეალობას, რა რეალობაც არის შექმნილი და ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ავუხსნათ, სადამდე მიიყვანა "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს ქვეყანა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.