26 ოქტომბრის საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 22:00 საათისთვის დასრულდა. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე გაგრძელდა, სადაც იყო სიტყვით გამოსვლებიც.
აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და გიგა ბოკერიას შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც, რაც რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის პლაკატების გამოჩენას მოჰყვა.
"ქართული ოცნება" ოპოზიციის მორიგ ჩავარდნილ აქციაზე საუბრობს და იხსენებს 26 ოქტომბრამდე ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების განცხადებებს, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლისთავზე დაანონსებული აქცია მრავალათასიანი უნდა ყოფილიყო.
"სპექტაკლებია, თითქოს რაღაც პლურალისტური განწყობებია იქ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ, დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები არიან - იქაც კი მოსდით თითქოს ერთმანეთში დაპირისპირება. ეს ზღაპრები ერთმანეთს მოუყვნენ, ამის უკვე ქართველ ხალხს აღარ სჯერა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ერთიანი ცენტრიდან მართული ორგანიზაციებია, სხვადასხვა როლგადანაწილებულები - რა როლებს ინაწილებენ, ეს ერთმანეთში გაარკვიონ.
გეგმა აქვთ ის, რომ გეგმა არ აქვთ - ყოველთვის ასე აცხადებენ, ვიდრე არ მიუვათ საბოლოო დირექტივა. მათი პატრონები ვერ ჩამოყალიბდნენ ამ გეგმის თაობაზე ერთიანი მასშტაბით, ამიტომაც ამათაც არ აქვთ გეგმა. ხონ გახსოვთ, რომ ყოველ ორშაბათს ველოდებოდით რაღაც გეგმის გამოცხადებას - ვერანაირ გეგმას ვერ გამოაცხადებენ," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
