კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე აქტიურად მუშაობს, - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის განცხადებას.

ჯაფარიძე ციხიდან გავრცელებულ წერილში განათლების რეფორმას მიმოიხილავს და პარალელურად წერს, რომ უვიზო რეჟიმს გააუქმებენ დღეს თუ არა, ხვალ.

"ქართული ოცნება" რამდენიმე დღეა საუბრობს, რომ ოპოზიციამ ქვეყნის შიგნით განცდილი მარცხის შემდეგ, გარე ძალების დახმარებით, ახლა უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეა გადართული და ამისთვის დიდ რესურს ხარჯავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის საკითხს იყენებენ იარაღად ქართველი ხალხის ნების სამართავად, რაც მიუთიტებს იმაზე, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის მტრული დამოკიდებულება.

"ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური დაპირისპირების მაჩვენებელი. ამ დაპირისპირებაში არის მცდელობა, რომ გამოიყენონ ინსტრუმენტები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მათ ნებაზე ზემოქმედებისთვის. ეს გახლავთ ანტიდემოკრატიული ქცევა. საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მცდელობები ვიზის შემოღება არ შემოღებით, ჩვენ წარსულში გვახსოვს, გვახსოვს ერთი კონკრეტული ქვეყნისგან და თუ უნდათ, რომ ამ გზას დაადგნენ - კი ბატონო.

მეორე, ეს უპირველეს ყოვლისა აჩვენებს იმას, რომ არის მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ იმისთვის, რომ მოახდინონ გავლენა მის პოლიტიკურ არჩევანზე. ყველაზე კატასტროფული ამ ყველაფერში ის არის, რომ უვიზო მიმოსვლას ანუ ხალხებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობას იყენებენ როგორც იარაღს. გვესმის ხმები, მათ შორის, ევროკომისრების საუბრობდნენ, რომ მცდელობაა რაღაც ცვლილებები შეიტანონ სავიზო მიმოსვლის წესებთან დაკავშირებით, რომლითაც შესაძლოა გარკვეულ ჯგუფს დაუდგინდეს სავიზო მოთხოვნები და გამოყონ. გვეყოლება ერთი ჯგუფი ქართველებისა, რომელსაც ვიზა დასჭირდება და მეორე ჯგუფი ქართველებისა, რომელსაც ვიზა არ დასჭირდება. ამას, სამართლებრივად, ჰქვია სეგრეგაცია. ყველას შეუძლია ჩახედოს საკუთარ წარსულს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.