"გიორგი გახარიას პარტიის წევრმა, რუსუდან თევზაძემ თქვა, რომ უარს იტყვის საპარლამენტო მანდატზე. ის კენჭს იყრიდა 4 ოქტომბერს, როგორც მაჟორიტარი თბილისის ერთ-ერთ რაიონში, სადაც არის 67 ათასი ამომრჩეველი და მიიღო 369 ხმა. მისი აქ ყოფნა-არყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია, აქედანაც შეგიძლიათ, დაასკვნათ", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ის ხალხი საუბრობს ლეგიტიმაციაზე, ვინც 67 ათასი ამომრჩევლიდან 369 ხმა აიღო.

"ახლა უწევთ, საკუთარ ამომრჩეველთან გაამართლონ სამარცხვინო ქცევა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში არ მუშაობდნენ. ამ მხრივ ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც მათ მუშაობას შეიძლება ახლდეს, არის ის, რომ შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ, რა დავალებები მოდის გარედან. მათ შორის, არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გახარიას მიერ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.