"სინამდვილეში ამ ხალხის მთავარი მიზანია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ხაზი გადის ზუსტად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასა და მარგინალურ ჯგუფს შორის და ხაზი გადის იმაზე, ვინ არის დამოუკიდებლობის მომხრე და ვინ არის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც ვითომდა პატრიოტული სლოგანებით გამოირჩევიან, საქართველოს ვასალურ ქვეყნად გადაქცევა სურთ.
"ადამიანების ამ ჯგუფის, მათ შორის იმათი, ვინც გარეთ დგანან, პოლიტიკოსების, თუ მათი ამომრჩევლების მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოს ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც შეასრულებს გარედან მომდინარე ყველა მითითებას. ეს არის მთავარი პრეტენზია, რასაც ისინი უყენებენ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. მთავარი პრეტენზია არის - რატომ არ უჯერებ ევროკავშირის ელჩს, რატომ არ უჯერებ რასა იუკნევიჩიენეს, მესამე, მეოთხე და მეშვიდეხარისხოვან ბიუროკრატებს ბრიუსელში. უცხოელების სიტყვა უნდა იყოს კანონი და არა პარლამენტის კანონი - კანონი. დამოუკიდებლობის 35 წლისთავზე ჩვენ გვყავს მარგინალური ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც შეუქმნეს ცრუ კერპები უცხოელების სახით.
ქართველ ხალხს თავისი გამოცდილებით და სახელმწიფოებრიობის ისტორიიდან გამომდინარე არ სურს იყოს უცხო ქვეყნიდან მართული; ზუსტად ეს არჩევანი გააკეთა 2024 წელსაც და წელსაც ეს არჩევანი გაამყარა. მათ, ვინც თითქოს რაღაც პატრიოტულ სლოგანებს ისვრიან, სინამდვილეში სურთ საქართველო აქციონ ვასალურ ქვეყნად, რომელსაც ეტყვიან, რომ მოსამართლეები უნდა დაუნიშნონ უცხოეთიდან, ეტყვიან, რომ კანონშემოქმედების პროცესში უცხოეთიდან დაქირავებული ორგანიზაციები უნდა ისხდნენ პარლამენტში და მათ უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი სიტყვა. ამ ვასალობამ მიიყვანა გახარია თუ სხვები მანდატების ჩახსნამდე და პარლამენტში არ შემოსვლამდე", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
